English / ქართული / русский /
ლია დვალიშვილი
ჰაერის დაბინძურების მდგომარეობის ანალიზი მსოფლიო ქვეყნების მაგალითზე

ანოტაცია. ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს ერთ-ერთი მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემაა. ნაშრომში გაანალიზებულია მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობაზე ჰაერის დაბინძურების გავლენის მასშტაბები. მოყვანილია ჰაერის დაბინძურების შედეგად სიკვდილიანობით გამოწვეული ზარალისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებით მიყენებული ზიანის ამსახველი მონაცემები. აღნიშნულია, რომ ურბანულ  ქალაქებში მცხოვრები ადამიანები უფრო მეტად განიცდიან წვრილი ნაწილაკების ზემოქმედებას, ვიდრე სოფლად მცხოვრები ხალხი. ხაზგასმულია ჰაერის დაბინძურების სფეროში დანერგილი ინოვაციის თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ჰაერის მაღალი დაბინძურების მქონე ქვეყნებსა და სუფთა ჰაერის ხარისხის მქონე ქვეყნებზე. მითითებულია როგორ გავხადოთ მსოფლიო უკეთესი, სუფთა და მწვანე .

საკვანძო სიტყვები: ჰაერის ხარისხის ინდექსი; ჰაერის ხარისხის ინტერაქტიული პლატფორმა; ემისია; ატმოსფერული ნაწილაკები; ტოქსიკური ჰაერი; კორონავირუსი.

 * * *

ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს ერთ-ერთი მწვავე გარემოსდაცვითი  პრობლემაა. დაბინძურებული ჰაერისგან ყველა საფრთხეში ვართ, რადგან დედამიწაზე ყოველი 10 ადამიანიდან 9 დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს − აცხადებს გაერო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გარემოს დაბინძურება ჯანდაცვის მზარდ, გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს და წელიწადში 7 მილიონამდე  ადამიანის დაღუპვას იწვევს. სიკვდილიანობის ადრეულ შემთხვევებში დაბინძურებულ ჰაერს მეოთხე ადგილი უჭირავს. ეს ციფრი ბევრად აღემატება COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობას წელს, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის გამო იგი სავალალოდ არ არის მიჩნეული [12].

მსოფლიო ბანკის მონაცემებით ჰაერის დაბინძირებას მთელი მსოფლიოსთვის წელიწადში 225 მილიარდი  დოლარის ზარალი მოაქვს. თუ სიკვდილიანობით გამოწვეულ ზარალს ცხოვრების ხარისხის გაუარესებით მიყენებულ ზიანსაც დავუმატებთ, საერთო ზარალი 1 ტრილიონ დოლარს აღწევს. ზოგიერთი განვითარებული ქვეყანა გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო კარგავს მშპ-ს 7,5%-ს.

ჰაერის დაბინძურება ვითარდება ორ კონტექსტში: შიდა(საყოფაცხოვრებო) ჰაერის დაბინძურება და გარე ჰაერის დაბინძურება. საინტერესოა, დეტალურად ვფლობდეთ ინფორმაცის, თუ რა გავლენა აქვს თითოეულს ადამიანის ჯანმრთელობაზე. 2016 წლის მონაცემების საფუძველზე საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურებამ დაახლოებით 3,8 მლნ ადამიანი იმსხვერპლა. შიდა კვამლი ჯანმრთელობის მუდმივი საფრთხეა იმ 3 მილიარდი ადამიანისთვის, რომლებიც ამზადებენ და ათბობენ სახლებს ბიომასის, ნავთის და ნახშირის დაწვით. შიდა ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით მძიმე ზიანს აყენებს ქალებსა და მცირეწლოვან ბავშვებს. ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში 5 წლამდე ბავშვების 98% სუნთქავს ტოქსიკურ ჰაერს. შედეგად, ჰაერის დაბინძურება 15 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია, ყოველწლიურად 600 000 ბავშვი იღუპება.

ზოგადად, ტოქსინების დონე ჰაერში არსებული აირების ტიპებით და წვრილი ნაწილაკების რაოდენობით განისაზღვრება.  როცა ცუდი ხარისხის ჰაერის ჩასუნთქვა ინტერსიურ ხასიათს იღებს, მნიშვნელოვანი ხდება იმის ცოდნა, თუ რა ხდის ასე საშიშს ატმოსფერულ ნაწილაკებს. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, ატმოსფერული ნაწილაკების მავნე ბუნება განპირობებულია მისი ჟანგვითი პოტენციალით. ეს ვარაუდი ემყარება ევროპულ კვლევას ჯანმრთელობისთვის საზიანო წვრილი ნაწილაკების წყაროების შეფასების შესახებ. მსოფლიო მასშტაბით, სამი წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა ამ კვლევაში. მათი ვარაუდით, ჰაერის ნაწილაკების ჟანგვითი პოტენციალი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჰაერის ხარისხის რეგულირების მომავალ გეგმებში, რათა შემცირდეს უხარისხო ჰაერის ჩასუნთქვით გამოწვეული მავნე ზემოქმედება მოსახლეობაზე. მეცნიერთა ვარაუდით, ჟანგვითი პროცესი ამძაფრებს ანთებით რეაქციებს. ეს პროცესი კი ვითარდება ფილტვებში. მეცნიერთა მიერ ატმოსფერული ნაწილაკების სხვადასხვა ნიმუშების შეგროვება და მათი შემადგენლობის გაანალიზება სპექტომეტრული ტექნიკის გამოყენებით მოხდა შვეიცარიაში. მეცნიერებმა ჟანგვითი პოტენციალი შეაფასეს შვეიცარიის 5 ქალაქის ყველა ნიმუშზე. ამ კვლევების თანახმად დაასკვნეს, რომ ურბანულ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები უფრო დიდი სიმწვავით განიცდიან წვრილი ნაწილაკების ზემოქმედებას, ვიდრე სოფლად მცხოვრები ხალხი [9].

ცხოვრების მაღალი ხარისხი დამოკიდებულია ჰაერის მაღალ ხარისხზე. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როცა მოსახლეობის მკვეთრი ზრდა, ტრანსპორტთან დაკავშირებული ემისიების ზრდასთან ერთად, პირდაპირ უკავშირდება ჰაერის ხარისხის გაუარესებას. თუმცა მხოლოდ  ეს ორი ფაქტორი არ არის მიზეზი.

თანამედროვე მსოფლიოში წიაღისეული საწვავის წვას ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ჰაერის დაბინძურებაში. წამყვანი დამნაშავეა მოძრაობაც, მაგრამ ქარხნები და ელექტროსადგურები გარკვეულწილად განაგრძობენ თავიანთი წვლილის შეტანას ამ საქმეში. ესენი არიან პასუხისმგებელნი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტის შესახებ კანონმდებლობა და ფორმატი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია.

EU-ის 2008 წლის დირექტივა ,, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ“ განსაზღვრავს სტანდარტებს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე იმ დამაბინძურებლების კონცენტრაციასთან მიმართებაში, რომლებსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები თითქმის ოცი წლის წინ განისაზღვრა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ,, ევროპის ჰაერის ხარისხის სტანდარტი“  განისაზღვრა 35 ყველაზე გავრცელებული დამაბინძურებელი ნივთიერების მიხედვით და შესაბამისად დადგინდა მათი დასაშვები ნორმებიც.

აშშ-ში სუფთა ჰაერის ხარისხის სტანდარტი 1978 წლისათვის 10 ყველაზე გავრცელებულ დამაბინძურებელ ნივთიერებას მოიაზრებდა. კანონში შეტანილი შესწორებების საფუძველზე, რომელიც 1990 წელს განხორციელდა, ეს სტანდარტი უკვე 200 ნივთიერებას გაუტოლდა.

ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების დონის გასაზომად საუკეთესო სტანდარტია ჰაერის ხარისხის ინდექსი - AQI. იგი გარე ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ საზომადაა მიჩნეული. AQI ემყარება ნაწილაკების (PM2,5 და PM10), ოზონის (O3), აზოტის დიოქსიდის (NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2) და ნახშირბადის მონოოქსიდის (CO) ემისიების გაზომვას. AQI-ს მაღალი მაჩვენებლები გულისხმობს ჰაერის დაბინძურების მეტ დონეს. 200-ზე მეტი AQI ჯანმრთელობისთვის საშიშად ითვლება.

გაეროს გარემოსდაცვტი პროგრამა (UNEP)UN- Habitat და IQAir, შვეიცარიის ჰაერის ხარისხის ტექნოლოგიურ კომპანიასთან გაერთიანდნენ ჰაერის ხარისხის ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. ჰაერის ხარისხის ინტერაქტიული პლატფორმა ამოქმედდა მსოფლიო ურბანული ფორუმის მეათე სესიაზე აბუ-დაბიში, 2020 წლის თებერვალში. ეს პლატფორმა საშუალებას აძლევს ინდივიდებს, შეაგროვონ მონაცემები. მიდგომა ორმაგი სარგებლითაა: ინდივიდუალური გაზომვების უფრო დიდი რაოდენობა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა ჰაერის ხარისხის შესახებ. მილიონობით მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომის შედეგად შეიძლება ჰაერის ხარისხის გაზომვები ადგილობრივი დაბინძურების დონის დასადგენად და პერსონალური სამედიცინო რეკომენდაციის მისაღებად პლატფორმის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით. პლატფორმა ამჟამად იღებს მონაცემებს 4000-ზე მეტი პროვაიდერისგან (მთავრობების ჩათვლით) და მას ჰყავს 15 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი [11].

IQAir-ის მიერ 2019 წლის მსოფლიო ჰაერის ხარისხის ანგარიშის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა შეძლო ჰაერის დაბინძურების შემცირება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის კონტროლში ინვესტირებულ 1 დოლარს 30 დოლარის მოგება მოაქვს. 

უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით გამოიწვია ჰაერის ხარისხის ზრდა, რაც საგანგებო მდგომარეობის შემოღებით აიხსნება.

ჰაერის დაბინძურების მიხედვით მსოფლიოს ტოპათეულ ქვეყნებს შორის მოქცეულია შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, რუსეთი, იაპონია, გერმანია, ირანი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა და კანადა.

ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ნახშირორჟანგის ემისიით. ქვეყანა წელიწადში 10375 მლნ ტ CO2-ს გამოყოფს, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის მოსახლეობას, განსაკუთრებით დიდ ინდუსტრიულ ქალაქებში. პეკინი არის მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქი, სადაც ფაქტობრივად რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსახლეობა smog-ის გამო მზეს ვერ ხედავს. ბევრი მოქალაქე გარეთ გასვლისას იკეთებს დამცავ ნიღაბს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის დეპრესიის თავიდან ასაცილებლად დააყენა გიგანტური ეკრანები, რომლებზეც ჩანს მზის ჩასვლა და ამოსვლა. ჩინეთში ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს.

აშშ მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა მაღალი წარმოებით, ნავთობის მარაგებით და გიგანტური მეტროპოლიტენით. ამ ქვეყანაში ქუჩებსა და ცაზე  მოძრაობის ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ ჰაერის დაბინძურება უფრო და უფრო მწვავე პრობლემა ხდება. ამერიკის ქალაქების მთელი ინფრასტრუქტურა აიძულებს ხალხს, იმგზავრონ მანქანებით. ქვეყანაში ყოველწლიურად 5,414 მლნ ტ CO2 გამოიყოფა. შეერთებულ შტატებში ჰაერით დაბინძურებული ქალაქები ძირითადად კონცენტრირებულია კალიფორნიაში (ლოს-ანჟელესი ყველაზე დაბინძურებული) და პენსილვანიაში (ნახშირის მაღაროების გამო). აშშ -ში 134 მლნ ადამიანი − მოსახლეობის 40% რისკ-ჯგუფშია ჰაერის დაბინძურების გამო.

ინდოეთი დედამიწაზე სიდიდით მეორე ქვეყანაა მოსახლეობის რაოდენობით და პლანეტის ყველაზე დიდი სწრაფად მზარდი ეკონომიკით. ქვეყანა ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ჩინეთისა და იაპონიის ეკონომიკას. ქვეყნის მასშტაბით წელიწადში დაახლოებით 2,274 მლნ ტონა CO2 გამოიყოფა. ყოველწლიურად 1,1 მლნ ადამიანი იღუპება ნაადრევად ჰაერის დაბინძურების გამო. დელი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია მსოფლიოში პეკინის შემდეგ. მსოფლიოს 30 ყველაზე მეტად დაბინძურებულ ქალაქებს შორის 21 ქალაქი არის ინდოეთში.

რუსეთი მსოფლიოს უდიდესი ქვეყანაა მაღალი წარმოებით და მოსახლეობის დაბალი სიმკვრივით. ტყეების მაღალი დონით ჭრა, დიდი და მძიმე ინდუსტრია დიდ პრობლემას უქმნის ამ უკიდეგანო ქვეყანას. ჰაერის დაბინძურება მოსკოვში, პეტერბურგში, ვოლგოგრადში და სხვა მეტად დასახლებულ ინდუსტრიულ ქალაქებში მოსახლეობის ჯანმრთელობას უამრავ პრობლემას უქმნის. ბავშვთა დაავადებების თითქმის 17% და მოზრდილთა დაავადებების 10% ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. რუსეთში ყოველწლიურად 1,617 მლნ ტ CO2 გამოიყოფა.

იაპონია ძალიან მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, რაც განაპირობებს მისი დაბინძურების მაღალ დონეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ცდილობს გახდეს სუფთა ენერგეტიკული თავშესაფარი, მაინც დიდ დამაბინძურებლად მიიჩნევა. ამ კუნძულოვანი ქვეყნის პრობლემა მარტო ჰაერის დაბინძურება არ არის. ნარჩენების მართვა, გლობალური დათბობა და ელექრონული ნარჩენები ქვეყნის უდიდესი პრობლემაა. ქვეყანა ლიდერია ელექტრონიკის განვითარებაში და ამგვარი ნარჩენები უზარმაზარია. ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 1,237 მლნ ტ CO2 გამოიყოფა.

გერმანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და, ბუნებრია, ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული. ქვეყანაში დაახლოებით 798 მლნ ტ CO2 გამოიყოფა. გერმანია ერთ-ერთი ყველაზე მეტად მობილიზებული ქვეყანაა მსოფლიოში ავტომაგისტრალების უზარმაზარი ქსელით. მეორე მხრივ, ფრანკფურტის აეროპორტი უდიდესია მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, გერმანიაში სატრანსპორტო სექტორი სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტად უწყობს ხელს დაბინძურებას.

ირანის დაბინძურების პრობლემა ძალიან ჰგავს საუდის არაბეთის პრობლემას, მხოლოდ ერთი საფეხურით უსწრებს. მტვრის ქარიშხალი, მშრალი ამინდი და ქალაქის დაბინძურება შერწყმულია ქარხნების მუშაობასა და სამრეწველო ჩამდინარე წყლებთან. ქვეყანაში ყოველწლიურად გამოიყოფა 648 მლნ ტ CO2. პრობლემა ურბანულ ქალაქებში იმდენად დიდია, რომ მთავრობამ წელიწადში რამდენჯერმე დახურა სკოლები ჰაერის დაბინძურების გამო.

საუდის არაბეთი არის OPEC-ის ნავთობის უდიდესი ექსპორტიორი, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე.  ქვეყანაში ურბანიზაცია იწვევს ჰაერის დაბინძურების მაღალ დონეს და ნავთობის მოპოვების ნარჩენებთან ერთად ქვეყანას დაბინძურების მიხედვით მე-8 პოზიციაზე აყენებს. ქვეყანაში ყოველწლიურად 601 მლნ ტ CO2 გამოიყოფა.

სამხრეთ კორეა, მიუხედავად იმასა, რომ მცირემიწიანი ქვეყანაა, უდიდესი ეკონომიკის მქონეა, რაც ქმნის უზარმაზარი დაბინძურების პრობლემას. სულაც არ არის გასაკვირი, რომ აზიის ეს პატარა  ქვეყანა ტოპათეულშია. აქ წელიწადში 592 მლნ ტ CO2 გამოიყოფა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ქვეყნის მთავრობა აცხადებდა, რომ პრობლემა მათთან არის და არა ჩინეთში. ქვეყანაში 53 ნახშირზე მომუშავე ქარხანაა და 20-მდე ქარხნის აშენება იგეგმება უახლოეს წლებში. სეული მსოფლიოში მესამე ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.

კანადაში ყოველწლიურად 557 მლნ ტ CO2 გამოიყოფა. დაბინძურებული ჰაერის გარდა ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან აწუხებს დაბინძურებული წყალი და ნიადაგი. ეს გარემოსდაცვითი პრობლემები ქვეყანაში  სერიოზულ რისკებს ქმნის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში შეინიშნება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, მიუხედავად ამისა, ის  ათეულის წევრადაა მიჩნეული.

ჰაერის დაბინძურების მიხედვით ქვეყნებს შორის ლიდერი აზიაა.

მსოფლიო მასშტაბით დაბინძურებულ ქვეყნებს შორის არის ქვეყნები, რომლებიც სავსებით აკმაყოფილებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს ჰაერის ხარისხთან მიმართებაში, ქვეყნები, რომლებიც მაღალი დონით ინარჩუნებენ ჰაერის ხარისხს და აქვთ დაბალი დაბინძურების დონე. ამ ქვეყნების პირველი ათეული ასე გამოიყურება: ისლანდია, ფინეთი, ბრუნეი, ესტონეთი, დანია, ახალი ზელანდია, შვედეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, კანადა. როგორც ვხედავთ, სუფთა ქვეყნების მიხედვით ლიდერი ევროპაა.

მსოფლიოს სუფთა ქალაქების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ველინგტონი, დუბლინი, სანტანა, გუანახუატო, პენტა არენასი, კალამბა, ჰელსინკი, ტალინი და ლისაბონი.

ჰაერის დაბინძურება დღის წესრიგში აყენებს სამყაროს მომავალს. სამყაროს გადარჩენის შანსი მაშინ იქნება, თუ ერთად იმოქმედებს საზოგადოება, სახელმწიფო, ერი, რიგითი ადამიანი. გარემოსთან დაკავშირებული თითოეული მოქმედება უმნიშვნელოვანესია. თითოეული გამოყენებული პროდუქტი წარმოადგენს ქვაკუთხედს, მსოფლიო გახდეს უკეთესი, სუფთა, მწვანე. მაგრამ თუ არ არსებობს კანონმდებლობა სახელმწიფო დონეზე, არანაირი რეალური პროგრესი არ იქნება.

ჩვენს ეკონომიკურ სისტემაში დღეს მოქმედი ქარხნები და ობიექტები, რომლებიც სრული მოცულობით მუშაობენ, სასიკვდილო განაჩენია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის. პრობლემის მოგვარება არც ისე ადვილია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც მშპ-ში წარმოების მაღალი წილი აქვთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ უფასო საშვი გარემოს გასანადგურებლად.

გლობალურ სამყაროში ადამიანის − ბუნების ყველაზე დიდი სიმდიდრის − სიცოცხლე და კეთილდღეობა უპირველესი ამოცანაა. დამაბინძურებელი, მომწამვლელი ნივთიერებებისაგან თავის დაცვა ერთნაირად სჭირდება მსოფლიოს ყველა მოქალაქეს.

 ქვეყნები ცდილობენ მივიდნენ კონსენსუსამდე გარემოსთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე, შეამცირონ გამონაბოლქვი და აღმოაჩინონ წარმოების ახალი გზები, რომლებიც გარემოსთვის არ იქნება ზიანის მომტანი, რასაც ითვალისწინებს მდგრადი განვითარება და მწვანე ეკონომიკის კონცეფცია. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. http//ekolog.ru
  2. oilprice.com
  3. ourworldindata.org
  4. aqicn.org
  5. waqi.info
  6. www.who.int
  7. www.cnn.com
  8. www.nationalgeographic.com
  9. Timesofindia.indiatimes.com
  10. Finance.yahoo.com
  11. www.unenvironment.org
  12. www.globalcitizen.org
  13. www.weforum.org
  14. http//www.insidermonkey.com